37 წლის მამაკაცი, რომელიც სიღნაღელ პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს, კახეთის პროკურატურამ დღეს დაკითხა. ვლადიმერ მჭედლიშვილი გამოძიების კითხვებს დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.
უწყებამ გამოძიება მჭედლიშვილის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. სიღნაღის მცხოვრები ადგილობრივ პოლიციელს, გიორგი ნოზაძეს, ცემასა და არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს.
ადვოკატი, ანა ნასრაშვილი, საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაზარალებულთან ერთად იმყოფებოდა. უფლებადამცველი მჭედლიშვილის დაზარალებულად აღიარებას და გამოძიების დასრულებამდე პოლიციელი გიორგი ნოზაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
იურიდიულ დახმარებას ვლადიმერ მჭედლიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები ჰპირდებიან.
მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ სიღნაღის პოლიციაში. კურიერის კითხვებს არ პასუხობს უშუალოდ ის პოლიციელიც, რომელსაც ვლადიმერ მჭედლიშვილი ცემაში ადანაშაულებს.
ვლადიმერ მჭედლიშვილი სიღნაღის პოლიციამ ერთი კვირის წინ საჯარო ადგილას ლუდის სმის გამო დააკავა. იზოლატორიდან ის მეორე დღეს ნაცემი გამოვიდა. 37 წლის მამაკაცს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და სახის არეში დაზიანებები აქვს.
ავტორი: ია გულიაშვილი