თორდია-ფარცხალაძის სკანდალის ახალი ეტაპი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების შემდეგ, გენერალური აუდიტორი მთავარ პროკურორს მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი კამპანიის წარმოებაში ადანაშუალებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი 2016 წელს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
კურიერთან საუბრისას PAM CLUB-ის ერთ-ერთი მენეჯერი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა რამდენიმე თვის წინ ამოიღეს, მისივე ინფორმაციით, დაიკითხა ბარის რამდენიმე თანამშრომელიც.
2016 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს თვითმხილველებიც ჰყავს, მათ შორისაა ლაშა თორდიას მეგობარი პავლე კუბლაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა. პავლე კუბლაშვილი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მისი თქმით, მზად არის დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას ჩვენება მისცეს.
კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ ვიდეომასალის გავრცელების მიზეზი, ოთარ ფარცხალაძის მიერ თორდიაზე თავდასხმის ამბის გადაფარვა.
„ამის მიზანია რომ როგორმე გადაფარონ ფარცხალაძის სკანდალი. ფარცხალაძე ამით არ გათეთრდება. რაც არ უნდა ცუდ ადამიანად წარმოაჩინოთ ლაშა თორდია ამით ფარცხალაძის არც კრიმინალურ წარსულს, არც კორუფციულ გარიგებებს, არც სხვადასხვა ფაქტებს არაფერი არ ეშველება. ფარცხალაძის გათეთრება, გაპრავება არის შეუძლებელი,“-განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.