სოციალურ ქსელში გავრცელებული, PAM CLUB-ში მომხდარი ინციდენტის ამსახველი, ვიდეო მასალის გამავრცელებელი გიორგი კალაძეა.
კადრებში სავარაუდოდ მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას მონაწილეობით მომხდარი ინციდენტი ჩანს, რომელის შესახებაც თორდია ჯერ კიდევ, მისი მტკიცებით, მასზე ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ თავდასხმის შემდეგ საუბრობდა.
ვიდეო ჩანაწერის გამავრცელებლის ადვოკატის, ცოტნე ცაავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველი ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, 2016 წლის კადრების გამოქვეყნება გადაწყვიტა.
ადვოკატის განცხადებით, გიორგი კალაძე არის ერთ-ერთი თვითმხილველი იმ ინციდენტისა, რომელიც 2016 წლის 24 დეკემბერს მოხდა და მან საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ამოიცნო კონკრეტული პირი, რომელმაც მოახდინა იარაღით ხალხის დაშინება და კონკრეტული მუქარის განხორციელება და ეს პირი, როგორც მან თვითონ განაცხადა და შემდეგ გამოძიებასაც უჩვენა, გახლავთ ბატონი თორდია,“ - განაცხადა ცოტნე ცაავამ.
PAM CLUB-ის თანამშრომლები გიორგი კალაძის ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტარისგან თავს იკავებენ.
როგორც ცნობილია, კაფე-ბარის თანამშრომლები საქმეზე სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.
ოთარ ფარცხალაძეს თორდია ბინძური კამპანიის წამოწყებაში ადანაშაულებს.