ყოფილი მთავარი პროკურორისა და მოქმედი მთავარი აუდიტორის დაპირისპირების საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი გამოჩნდა. გიორგი კალაძის სახელით სოციალურ ქსელში კადრები გავრცელდა, რომელზეც, ავტორის თქმით, ლაშა თორდიაა აღბეჭდილი. როგორ აღმოჩნდა, ერთ-ერთი კლუბის სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები კალაძის ხელში უცნობია, თუმცა მსგავსი, მისი მაკომპრომეტირებელი მასალის გავრცელება თორდიამ ელ ცენტროში მომხდარი ინციდენტიდან მეორე დღეს დააანონსა.
ვიდეო, რომლის მთავარი გმირი გენერალური აუდიტორია, სოციალურ ქსელში გვიან ღამით გავრცელდა. ავტორი ამტკიცებს, რომ კადრების გადაღების მომენტში ლაშა თორდია ნასვამ მდგომარეობაშია და ბარში მყოფ პირებს იარაღით ემუქრება. კადრების მიხედვით, მასალა 2016 წლის 24 დეკემბერს ღამე 2:43 საათზეა გადაღებული.
კადრების გავრცელების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის დეკემბერში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ამის შესახებ მთავარი აუდოტორისთვის არც ინფორმაცია მიუწოდებიათ და არც გამოუკითხავთ.
გამავრცელებლის ადვოკატი, ცოტნე ცანავა ამბობს, რომ გიორგი კალაძემ გასული წლის დეკემბერში იარაღიანი პირი ვერ იცნო. ინცინდენტში მონაწილე გენერალური აუდიტორის ამოცნობა მან მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა თორდია-ფარცხალაძის ელ ცენტროში მომხდარი ინცინდენტის ამსახველი მასალა გასაჯაროვდა.
რაც შეეხება თავად კადრებს, ლაშა თორდია მის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს და მასალის გავრცელების უკან პირადად მთავარ პროკურორს მოიაზრებს.