შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში - ამ სახელწოდებით კონფერენციას მართავს დღეს თბილისში ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრი. შეხვედრას პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები დაესწრებიან.
კონფერენციაზე აქცენტი შრომის პირობების ეფექტიანი ინსპექტირების სისტემის არსებობის მნიშვნელობასა და კონკრეტულ გზებზე გაკეთდება.
EMC-ში ამბობენ, რომ ქვეყანაში ამ მხრივ შექმნილ სავალალო ვითარებაზე ბოლო პერიოდში მომხდარი არა ერთი ტრაგიკული შემთხვევაც მეტყველებს.
„ინსპექტირების მექანიზმის საჭიროებას აჩვენებს ძალიან ბევრი გარემოება. პირველი, ეს არის დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა, ის სიმძიმე შრომითი პირობების, რაც მათ აქვთ და ეს ფაქტები ყოველდღიურად ხდება ხოლმე ჩვენთვის ცნობილი. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ სახელმწიფოს არ აქვს გამოსავალი გარდა იმისა, რომ გადადგას გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ლინა ღვინიანიძემ.