დღეს მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი შრომის უსაფრთხოება იყო. ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი წარადგინა, რომლის მიხედვით, შრომის ინსპექციას უფლება ექნება საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევის შემთხვევაში სანქციები გაატაროს.
„ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი შრომის უსაფრთხოების ნორმები. ამ ნორმების დაცვაზე იზრუნებენ პასუხისმგებელი სტრუქტურები თუ თანამშრომლები. გაწერილი არის რომელ ინდუსტრიაში რა სახის უსაფრთხოება ვრცელდება და ასევე გაწერილია სანქციები, რომლებიც ამ ნორმების შეუსრულებლობას მოჰყვება,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შრომის ინსპექციას, ახალი კანონის მიხედვით, არაგეგმიური შემოწმებების განხორციელების საშუალებაც ექნება.
მთავრობის სხდომაზე ასევე გადაწყვეტილება მიიღეს C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით. ცვლილებების მიხედვით, მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, რომელთაც აქვთ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის ნეიტრალური მოწმობა, შესაძლებლობა ექნებათ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთონ.