ხანდოს ხეობის მოსახლეობას ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე შეხვდა. ვიცე პრემიერმა ადგილობრივებთან ერთად ის ადგილები მოინახულა, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროადამცემი ხაზების მშენებლობაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები ცდილობდნენ ამ ადგილებთან ჟურნალისტები არ მიეშვათ.
შეხვედრის შემდეგ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოსახლეობის გარეშე არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.
„დღეს ვნახეთ ის წერტილები, რომლებიც პრობლემურია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გავიარეთ კონკრეტული ადგილები და ვნახოთ, კიდევ გაგრძელდება შესაბამისი სამუშაოები კვლევების თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრს ადგილობრივებმა მათი მთავარ პრობლემა და წუხილი გააცნეს. მოსახლეობის განცხადებით, ისინი არ ენდობიან იმ ექსპერეტებს, რომელთა დასკვნის მიხედვით, ხეობას პრობლემა არ შეექმნება.
„ამათ რატომ ჰგონიათ, რომ ჩვენ არც ფიზიკა ვიცით და არც ქიმია ვიცით?! დაზიანება კი არა, ხეობის გადაშენება იქნება,“ - განაცხადა ხეობის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, ადგილზე ექპერტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მედიასთან საუბარი არ ისურვეს.