ოპოზიცია ელ ცენტროშო მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს. ეს საკითხი დღის წესრიგში გიორგი კალაძის მიერ ერთ-ერთ კლუბში გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ დადგა, რომელშიც მთავარი აუდიტორი ფიგურირებს.
პოლიტიკური ოპონენტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარეს პასუხის გაცემა ამჯერად მთავარი აუდიტორის მიმართვაზე მოუწია. ირაკლი კობახიძე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ამ ეტაპზე კვლავ ვერ ხედავს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ის და მისი გუნდი გამოძიების შედეგების მიხედვით მიიღებენ. კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიამ დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე მიმართა.
ფარცხალაძე-თორდიას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველს ვერ ხედავენ ვერც მთავრობის სხვა წევრები. მინისტრთა კაბინეტში აცხადებენ, რომ ეს საქმე ხელისუფლებისთვის გამოწვევაა, რომელსაც შესაბამისი საგამოძიებო უწყებები თავს გაართმევენ.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ეს განწყობა გაუგებარია სახალხო დამცველისთვის. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ თორდია- ფარცხალაძის საქმეზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა ჩნდება. ომბუდსმენი თვლის, რომ პასუხგაუცემელი კითხვებისა და ეჭვების გამო, საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს.