დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მზადებაა რაბათის ციხეში, სადაც სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. აქ ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებს გააცოცხლებენ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება. მათ შორის არის გამოფენა-გაყიდვა.
ჩოგოვაძის თქმით, მოქალაქეებს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, 16:00 საათიდან ექნება. თუმცა, დასკვნითი ღონისძიება, რომელიც ვეფხისტყაოსნიდან სცენების გაცოცხლებას გულისხმობს, 20:30 საათზე დაიწყება.
„გაცოცხლდება სცენები ვეფხისტყაოსნიდან, მათ შორის ნადიმი მეფის კარზე და ქაჯეთის ციხის აღება. ეს წარმოდგენები ერთნაირად საინტერესო იქნება როგორც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ასევე იმ უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ახალციხეში,“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავტორები: შოთა დიმიტრიშვილი