მერიის უარის მიუხედავად ბათუმში მცხოვრები მუსლიმები ქალაქში ახალი მეჩეთის აშენებას მაინც გეგმავენ. მრევლი დღეს მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც პარასკევის ტრადიციული ლოცვის ჩატარებამდე სიმბოლურად წითელი ლენტიც გაჭრეს. მუსლიმები მშენებლობის დაწყებამდე და დასრულებამდე ლოცვას ყოველ დღე ღია ცის ქვეშ აპირებენ. ისინი ამ ფორმით ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ახალი მეჩეთის აშენების ნებართვაზე მუსლიმებს უარი ეთქვათ.
როდის დაიწყებს მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი მრევლი არ აკონკრეტებს, თუმცა პარალელურად ბათუმის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებასაც გეგმავენ. მრევლს მიაჩნია რომ, უარი მშენებლობის ნებართვაზე დისკრიმინაციულია და მათ უფლებებს არღვევს.
ბათუმის მერიაში გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ და განმარტავენ, რომ შესაბამისმა კომისიამ მეჩეთის აშენებაზე მუსლიმებს უარი მიწის ადგილმდებარეობის გამო უთხრა. გიორგი ერმაკოვი განმარტავს რომ, ტერიტორია საცხოვრებელ ზონას წარმოადგენს და საკულტო ნაგებობის აშენება მიზანშეწონილი არ არის.