მარნეულში მცხოვრებ თამაზ ნავერიანს უძრავ ქონებას არ უბრუნებენ, ვინაიდან ის უკვე კეთილსინდისიერმა მყიდველმა შეიძინა, სადაც ქართული ოცნების წევრის სახელი ფიგურირებს. საქმე მარნეულის ბაზარს ეხება. ეს არის უზარმაზარი ობიექტი, სადაც ადგილობრივი ფერმერების ძირითადი ნაწილი თავის საქონელს ყიდის. ობიექტის წლიური მოგება 700 ათას ლარს აჭარბებს.
ბაზრის ერთ-ერთი მეწილე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის მეუღლეა. დაზარალებულთა თქმით, ამ დეპუტატმა მოტყუებით მოახსნევინა პოსტიდან ბაზრის დირექტორი და მეწილე, რომელსაც ასევე თამაზ ნავერიანი ჰქვია, მის ადგილზე სხვა ადამიანი დაანიშნინა, შემდეგ კი ბაზარი ფარულად და დაბალ ფასად მიჰყიდა სხვა კომპანიას და ამგვარად კონკურენტი საბოლოოდ ჩამოიშორა.
სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადგინა, რომ ეს გარიგებები ნამდვილად ფარულად და უკანონოდ განხორციელდა თუმცა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბაზრის ახალი მფლობელები კეთილსინდისიერი მყიდველები არიან და მათ ობიექტს ვეღარ ჩამოართმევენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს კეთილსინდისიერი მყიდველები ისევ დეპუტატ თამაზ ნავერიანის ნათესავები არიან.
შპს ბაზრის მეწილე, დაზარალებული თამაზ ნავერიანი აცხადებს, რომ ამჟამინდელი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი, მას წილების გადაფორმებას აიძულებდა თუმცა, დეპუტატ თამაზ ნავერიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მომჩივანი თამაზ ნავერიანი პარტნიორებს წილებს უმალავდა და დავა სწორედ ამან გამოიწვია.
დაზარალებული ძმები გაჩერებას არ აპირებენ და თუ საჭირო გახდა, საქმის სტრასბურგში გასაჩივრებასაც გეგმავენ.