18 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
საატესტატო გამოცდებში ჩაჭრილი 11 ათასი მოსწავლე - განათლების მინისტრი მონაცემებს პრობლემატურად არ მიიჩნევს

წელს სკოლის საატესტატო გამოცდებზე თერთმეტი ათასი მოსწავლე ჩაიჭრა. განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის და ჩაჭრილთა მაჩვენებელი წინა წლების მსგავსია. მისი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა პროფესიულ განათლებაზე უნდა იფიქრონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, ფიქრობს, რომ ასეთი შედეგის მიზეზი და პრობლემა განათლებაშია და არა გამოცდებში.

საქართველო საერთაშორისო რეიტინგების შკალაზე, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიღწევებში, საშუალო მაჩვენებელზე ბევრად დაბლაა.

მკვლევარების აზრით, სკოლებმა ახალგაზრდა პედაგოგებს უნდა მისცენ შანსი, რათა მათ თანამედროვე და პროგრესული სტილის სწავლების მეთოდი შემოიტანონ. მკვლევარების განმარტებით, სკოლის დირექტორს პედაგოგის პირადად შეფასების საშუალება უნდა ჰქონდეს, რათა სწორად განსაზღვროს ადამიანის პროფესიონალიზმის დონე და მისი შესაძლებლობები.

რაც შეეხება საქართველოში დამკვიდრებულ, რეპეტიტორებთან მომზადების ტრადიციას, მაია მიმინოშვილი მიიჩნევს, რომ სკოლამ ამ პრაქტიკას სერიოზული კონკურენცია უნდა გაუწიოს.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მოსწავლეებს შორის დიფერენციაცია უნდა არსებობდეს, რათა სკოლაში იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც კონკრეტულ საგნებში პრობლემები აქვთ, დამატებითი გაკვეთილების მიღების საშუალება ჰქონდეთ.

თავად საზოგადოებაშიც მყარად არის ჩამოყალიბებული მცდარი პოზიცია, რომ ბავშვი უნივერსიტეტისთვის აუცილებლად უნდა მოამზადონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები