ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთკაციანი სია ცნობილია, თუმცა შემადგენლობით, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი უკმაყოფილოა. ხუთკაციან შემადგენლობაში ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე შედიან.
ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ კომისიის მიერ შერჩეული ზემოაღნიშნული კანდიდატები სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააგდოს. უჩა ნანუაშვილს შემადგენლობასთან კითხვის ნიშნები აქვს.
„გარკვეული კითხვის ნიშნები არის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს კვლავ მივყვებით. ვერ გამოვრიცხავ, რომ სახალხო დამცველს კვლავ დასჭირდეს ჩასვლა სტრასბურგში. ამ სიაში, ხუთეულში სამწუხაროდ არიან კანდიდატები, რომლებიც ჩემი შეფასებით, არ იმსახურებდნენ საუკეთესო შეფასებას და კომისიის ზოგიერთ წევრის ობიექტურობის კითხვის ნიშნები დგას,“ -განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი კონკურსის შედეგებით უკმაყოფილოა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეც. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კონკრეტული კანდიდატებისთვის დაბალი ქულების დაწერა შეგნებულად მოხდა.
„მძიმე იქნება პირადად ჩემთვის, როგორც კომისიის წევრისთვის, რომ მეორედ ჩავარდეს სია. თუმცა, ძალიან იმედგაცრუებული ვარ შედეგებით. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ ქულების ისეთი დაწერის პირობებში, როდესაც მიზანმიმართულად კონკრეტული კარგი კანდიდატებისთვის იქნებოდა ძალიან დაბალი ქულები დაწერილი კომისიის არა ერთი წევრის მხრიდან, იმისთვის, რომ ისინი ვერ მომხვდარიყვნენ ხუთეულში,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.