იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის. არასამთავრობო ორგანიზაციები საეჭვო გარემოებაზე ამახვილებენ ყურადღებას. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ცერცვაძემ პოსტი საბჭოს ამჟამად არსებული შემადგენლობის უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი კვირით ადრე დატოვა, რაც აჩენს კითხვებს, რომ სააპელაციოს თავმჯდომარედ ის პირი დასახელდეს, რომელიც საბჭოს დღევანდელი შემადგენლობისთვის უფრო მისაღებია.
თავად ვალერი ცერცვაძეს უფლებამოსილება ოთხ თვეში ეწურებოდა. სამოქალაქო სექტორი საბჭოსგან ითხოვს არ გაათავისუფლოს ვალერი ცერცვაძე თანამდებობიდან.
„ამ სხდომას ძალიან საეჭვოდ დაემთხვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა საკუთარი გადაწყვეტილებით, რაც გვაფიქრებინებს, რომ დაგეგმილია ამ სასამართლოშიც თავმჯდომარის ცვლილება და გამწესება საბჭოსთვის სასურველი კანდიდატის,“ - აღნიშნავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული.