საკრებულოს ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრებმა მერიის წარმომადგენელს ყოფილი მთავარი პროკურორისა და მერიის სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით მოუსმინეს. ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობას დეპუტატები კითხვებს იმ მიწის ნაკვეთის შესახებ უსვამდნენ, რომლის საფუძველზეც, ყოფილ მთავარ პროკურორს ჩანაცვლების წესით გაჩუქებით, დიდი ფართობის მიწა გადაეცა ნუცუბიძის ქუჩაზე.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ფარცხალაძის ინტერესების გათვალისწინებით მიიღეს.
„2 წელიწადნახევრის დაწყებული საქმე 26 დღეში გადაწყდა. ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ სავარაუდო კორუფციასთან გვაქვს საქმე, ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ აუცილებლად უნდა იქნას დავით ნარმანია დაკითხული,“ - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანი.
მერიის წარმომადგენლის განმარტებით კი, ყველა დოკუმენტი ადასტურებს გადაწყვეტილების კანონიერებას.
„აქ რა თქმა უნდა, არის წარმოდგენილი დასკვნები, შეფასებები და ეს ყველაფერი არის ადეკვატური და ეს არის შესაბამისობაში იმ დოკუმენტაციასთან და იმ დასკვნებთან, რაც იქნა წარმოდგენილი მხარის მიერ,“ - განაცხადა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ.