თბილისში, შატრავას ქუჩაზე, საბურთალოს ყოფილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, კრიმინალურმა პოლიციამ 2 პირი დააკავა.
მომხდარზე რამდენიმე წუთის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 2 პირი თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. უწყებამ სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე აიყვანეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა. უწყების ცნობით, დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.
სპეცოპერაციის ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.