საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. მმართველ გუნდში არსებულ განსხვავებულ პოზიციებზე საუბრისას დეპუტატები ამ კანონპროექტის გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებსაც ასახელებენ.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, მიწის გასხვისების შემზღუდავი ჩანაწერი და მანდატების განაწილების წესიც კი ის თემებია, რის გამოც, შესაძლოა, უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მოაგროვოს. ასევე, აზრთა სხვადასხვაობა დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივას მოჰყვა.
მაჟორიტარები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ღიად ეწინააღმდეგებიან. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ გუნდის ერთიანი პოზიცია კომისიის საბოლოო დოკუმენტშია ასახული.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მმართველ გუნდში ჯერ შეუთანხმებელია, დედაქალაქის მერობის კანდიდატს ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, თუ კახი კალაძე არ დასახელდა მერობის კანდიდატად, შესაძლოა, უმრავლესობის ნაწილმა ფრაქციაც დატოვოს. თავად დეპუტატები კი მსგავს ინფორმაციას მიზანმიმართულად გავრცელებულს უწოდებენ.
მერობის კანდიდატის დასახელებას მმართველი გუნდი რამდენიმე დღეში აპირებს.