18 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
პოლიტიკური მესიჯი სასამართლო ხელისუფლებისთვის - "საია" ჩინჩალაძის სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნაზე

ნათელი პოლიტიკური მესიჯი სასამართლო ხელისუფლებისთვის - ასე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას აფასებს.

საია-ს თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის არაგამჭვირვალე პროცესზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური ნებით ოდიოზური ფიგურებით დაკომპლექტდა.

“ამ ადამიანის არა მხოლოდ სისტემაში დაბრუნება, არამედ ასეთ მაღალ თანამდებობაზე არჩევა, დღეს არის ნათელი მესიჯი სასამართლო ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს მესიჯი მარტო საბჭოს არ გაუგზავნია, ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც გაგზავნა საქართველოს პარლამენტმა იმ არასრულყოფილი რეფორმით, რომელსაც მესამე ტალღა ჰქვია და იმ უმოქმედობით, რომელსაც ჩვენ წლებია ვუყურებთ ამ ხელისუფლების მხრიდან. ვერა და ვერ განხორციელდა სწრაფი და ეფექტური სასამართლო რეფორმა, რომელიც არ მისცემდა საბჭოს ასეთ თვითნებობის განხორციელების შესაძლებლობას და ოდიოზური ფიგურებით საბჭოს დაკომპლექტების შესაძლებლობას,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც.

„მას ვადა ოთხ თვეში ეწურებოდა და ამ დროს მისი გადადგომა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედ შემადგენლობას რამდენიმე დღეში უკვე ვადა ეწურება, გვაფიქრებინებდა იმას, რომ ეს ყველაფერი იმისათვის იყო გაკეთებული, რომ ბატონი მიხეილ ჩინჩალაძე ყოფილიყო გამწესებული ამ პოზიციაზე 5 წლის ვადით და ამ საბჭოს მოესწრო სასურველი კადრით ამ პოზიციის შევსება,“ - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ოლიკო შერმადინი.

დღეს გახდება ცნობილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთობლივი ანგარიში, რომელიც იუსტიციის საბჭოს მონიტორინგს ეხება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები