18 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
არასამთავრობოთა პროტესტი - "საიამ" და "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის ანგარიში არ წარადგინეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში, საიამ და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ პროტესტის ნიშნად არ წარადგინეს.

როგორც დღეს დაგეგმილი პრეზენტაციის დაწყებისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო სექტორი არ აპირებს მშვიდად საუბარს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ხარვეზებია, თუმცა რეფორმები მაინც ვითარდება.

არასამთავრობოთა თქმით, ანგარიშების პრეზენტაციებით ვითარება არ იცვლება. მათივე აზრით, სხვა მიდგომებია საჭირო. 

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნას ეხება, ნათლად გამოჩნდა თუ რას უჭერს სასამართლოში პოლიტიკური ხელისუფლება. 

საია და საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველო პარლამენტში შეხვედრებს და რეფორმაზე მუშაობას ითხოვენ. 

 „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს საბჭოს მონიტორინგის ანგარიშის წარმოდგენა და დავარცხნა და მშვიდად საუბარი იმაზე, როგორ ინგრევა სისტემა, იქნება არაადეკვატური ნაბიჯი.

"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევქმნათ სურათი თითქოს პროგრესი არის, მაგრამ გარკვეული ხარვეზები რჩება, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის და არ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მოსმენა იმ მესიჯის, რომელსაც უკვე არა ერთი დღეა და წლებია ვისმენთ ხელისუფლებისგან, რომ სასამართლო სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება, რაც ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რეფორმა დგას სწორ გზაზე და ეს არის მთავარი.

რეფორმა არ დგას სწორ გზაზე, ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პოლიტიკურმა გუნდმა,საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც წლებია ახორციელებს რეფორმებს, მაგრამ მარტივ კითხვაზე რა შეცვალა რეფორმის სამმა ტალღამ, პასუხი არის არაფერი,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

 

 

დღის ამბები