18 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლება სასამართლო სისტემაში არ ერევა, არის ტყუილი - ეკა გიგაური

საუბარი იმაზე, რომ ისინი სასამართლო სისტემაში არ ერევიან არის ტყუილი  - ეს განცხადება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა გააკეთა.

გიგაურმა სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსამართლეები არიან ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთგულები და ისინი აკეთებენ, რასაც მათ ავალებენ.

ეკა გიგაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სწორედ უმაღლესი საბჭო არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კლანური მმართველობისა. 

„ეს კლანები არის ზუსტად ხელშეწყობილი და გამაგრებული იმ მხარდაჭერით, რომელსაც ისინი იღებენ სასამართლოს გარედან. ამ შემთხვევაში აქ არის საუბარი მმართველ გუნდზე და ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემები, რომელიც არის სასამართლოში, პირდაპირ მომდინარეობს ზუსტად მმართველი პარტიიდან. ამიტომ, მმართველმა პარტიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე თუ რა ხდება დღეს სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის არსებობაზე საუბრობენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებიც.

„სასამართლო არა თუ ცდილობს გაიაზროს ის კრიტიკა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ის მძიმე წარსული გამოცდილება, რომელიც სასამართლოს გააჩნია, პირიქით, საბჭო და სასამართლო სისტემა ახალისებს იმ გავლენიან ჯგუფებს, რომელსაც აქვთ არაჯანსაღი გავლენები სასამართლო სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირ ანგარიშვალდებულებას საბჭო არ გრძნობს საზოგადოების წინაშე,“ - აცხადებს სოფო ვერძეული.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გამო დღეს ახალგაზრდა იურისტებმა და საერთაშორისო გამჭვირვალობამ საბჭოს მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩაშალეს.

მათი განმარტებით, საბჭო მონიტორინგის შედეგებს არასერიოზულად აღიქვამს და შენიშვნებს არ ითვალსიწინებს. პროტესტის ბოლო მიზეზი კი, სამოქალაქო სექტორისთვის საბჭოს ის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე დაინიშნა.

არასამთავრობოები შემდგომი რეაგირებისთვის უკვე პარლამენტს მიმართავენ.

დღის ამბები