საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვები დღეს სრულდება. ბოლო შეხვედრები თბილისში იმართება. სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვები მთაწმინდის, ძველი თბილისის და დიდუბის რაიონებში. შეხვედრებზე კამათი მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისების საკითხს მოყვა.
თავისუფალი საქართველოს ლიდერმა, კახა კუკავამ, მმართველი გუნდის წევრებს პირობის დადება მოსთხოვა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო რესურსი არ გასხვისდებოდა. მისი თქმით, კონსტიტუციაში ამ საკითხზე ჩანაწერი, უბრალო „ბლეფია“.
„უთხარით ამ ხალხს, თქვენი მხარდამჭერები ვინც გყავთ მოყვანილი, გულწრფელად, აპირებთ თუ არა საქართველოს მთავრობა, რომელიც არის ქართული მიწების გამყიდველი დღემდე, აკრძალოთ გასხვისება კონსტიტუციით?“ - განაცხადა კახა კუკავამ.
ამ საკითხზე დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებულ მიწებს საქართველო ვეღარ დაიბრუნებს.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ უმრავლესობა ამ კუთხით მუშაობს და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მსგავსი განცხადებებით უბრალოდ PR-ს აკეთებენ.
„მიწის გასხვისების მაქსიმალურ შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და ვფიქრობთ, ფორმულირება როგორ უნდა მოვიფიქროთ უფრო სწორი, უფრო ხისტი და ჩვენი ოპონენტები აკეთებენ PR-ს და ცდილობენ, რომ თავის თავზე მოირგონ ეს საკითხი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება და პარლამენტის ადგილმდებარეობა იყო. ამ საკითხზე შეკითხვები დარბაზში დაისვა.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა საპარლამენტო წყობის სიკეთეებზე ისაუბრეს.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, დღევანდელი შეხვედრებით კმაყოფილია.
„ეს პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში, მანამდე ვენეციის კომისიის დასკვნაც იქნება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ექნება ძალიან კარგი ძირითადი კანონი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.