ვინ დაიცავს საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოებას, რა გახდა ზურაბ ბუჩუკურის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი - ოფიციალური განცხადება არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და არც საპატრიარქოში ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ასევე უცნობია როდის მოხდება საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსის კანდიდატის შერჩევა.
კურიერთან საუბრისას დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, რომ ინფორმაციას დაცვის სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არ ფლობს.
რაც შეეხება საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს, დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე ცაავას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების მტკიცებულებების უნდა წარადგინოს. მტკიცებულებების გარეშე ბრალდებებს დეკანოზი დაუშვებლად მიიჩნევს.
„რაც მოვისმინეთ ბატონი ანზორის განცხადება, რომ შიდა ცვლილებები ხდება ამის მეტი მართლა არაფერი არ ვიცი. შესაბამისად ვერაფერს ვერ გეტყვით.
"პრინციპში ედიშერზეც მე გავაკეთე განცხადება, რომ მან უნდა წარმოადგინოს საბუთები თუ აქვს რაიმე დამამტკიცებელი, თუ არა და არ უნდა ილაპარაკოს ასეთი რამ თუ არ აქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები. არ ვიცით პროკურატურაში რა წარადგინა მან, ალბათ მას უნდა ჰკითხოთ,“-განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
კითხვაზე შეთანხმებულია თუ არა ედიშერ ქარჩავას განცხადებები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, დეკანოზი აცხადებს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.
„მე როგორც ვიცი მან თქვა, რომ არ არის ეს შეთანხმებული უწმინდესთან, მე თვითონ ავიღე ჩემს თავზეო. არ ვიცი, მე ერთ საათში ვიქნები უწმინდესთან და ვკითხავ პირადად მას,“-განუცხადა კურიერს დეკანოზმა.