საქართველოში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე საქართველოს იმიჯს ზიანს აყენებს.
შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი საქართველოში 29 მაისს გაუჩინარდა და შემდეგ, ის ბაქოში, ყოველგვარი საბუთის გარეშე, აღმოჩნდა. როგორც აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, ჟურნალისტი მწვანე საზღვრის გადაკვეთის დროს დააკავეს.
„ეს დანაშაული პირდაპირ ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს, საქართველოს ხელისუფლებას და ღირსების საქმეა, რომ დროულად და ეფექტურად მოხდეს ამ დანაშაული გამოძება, მოხდეს იდენტიფიცირება და სათანადო დასჯა იმ პირების, ვინც ეს უტიფარი დანაშაული დღისით-მზისით ქალაქის ცენტრში ჩაიდინა,“ - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.