ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას საქართველოს ტერიტორიაზე გაუჩინარებული და მოგვიანებით, ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამო ითხოვს. ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტი მწვავე განხილვის თემა იყო დღეს პარლამენტშიც, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან კონკრეტულ კითხვეზე პასუხებს ითხოვდა.
არასაპარლამენტო ოპოზიცია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის აუცილებლობაზე საუბრობს. ოპონენტები ხაზს უსვამენ იმას, რომ ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის, განსაკუთრებით კი ჟურნალისტებისთვის.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები დღეს თავად აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიერ უკანონო ქმედებებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
სახელმწიფო უწყებები დღეს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მკაცრი განცხადებების მთავარი ადრესატიც გახდა. ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ ამ სკანდალურ ფაქტზე კონკრეტული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.