საპატრიარქოს იურისტმა, ედუშერ ქარჩავამ მტკიცებულებები პროკურატურას გადასცა. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში განაცხადა თუ რა იცის ჭყონდიდის მიტროპოლიტზე და რით ამტკიცებს, რომ მეუფე პეტრე ცაავას პატრიარქის მოკვდინება სურდა.
საპატრიარქოს იურისტი დღეს პატრიარქს არ შეხვედრია. საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ედიშერ ქარჩავას არ დაუზუსტებია, რა მიზეზით ვერ ან არ შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს.
ედიშერ ქარჩავას საჯაროდ გაცხადებული ბრალდებები არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოში, მაღალი სასულიერო იერარქიის პირებთანაც. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოში არავინ იცოდა, მათი იურისტი საჯაროდ რას და ვისზე ლაპარაკობდა.
საპატრიარქოს იურისტის ბრალდებებს ჭყონდიდის ეპარქიაში ცილისმწამებლურს უწოდებენ. ჭყონდიდის ეპარქიაში მიაჩნიათ, რომ პატრიარქს არაფერს ეკითხებიან და ის სრულ იზოლაციაში ჰყავთ.
დღეს სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფებოდა პატრიარქის მდივანი. ნეტგაზეტთან ინტერვიუში მას სტუმრობის მიზეზი არ დაუკონკრეტებია. მიქაელ ბოტკოველს არც ის უთქვამს, იცოდა თუ არა, რას ილაპარაკებდა საჯაროდ მათი იურისტი.