18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
"არავინ აღარ ჩამოვა თქვენს ქვეყანაში იმის შიშით, რომ შესაძლოა, მოიტაცონ"- არიფ მამედოვი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან  მუხთარლის საქმეზე განცხადება გააკეთა ბელგიაში მცხოვრებმა კიდევ ერთმა დევნილმა აზერბაიჯანელმა. არიფ მამედოვი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა ქალაქის ცენტრიდან ჟურნალისტის გატაცება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რთულ მდგომარეობაშია.

„საქართველოს მთავრობა ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, თუ აზერბაიჯანის სპეცსამსახურები თბილისის ცენტრიდან იტაცებენ ცნობილ ჟურნალისტს და მიჰყავთ აზერბაიჯანში ქართულ სპეცსამსახურებთან შეუთანხმებლად, გაყავთ ქვეყნიდან უსაბუთოდ და არალეგალურად, მაშინ ეს ტერორიზმის აქტია და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა. თუ ამ პროცესში ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულები, ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას, რადგან ადამიანს სცემეს, შემდეგ გადაიყვანეს აზერბაიჯანში და იქაც სასტიკად გაუსწორდნენ," - აცხადებს არიფ მამედოვი. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფელბამ კითხვებს ამომწურავი პასუხი უნდა გასცეს.

"ეს მნიშვნელოვანია აზერბაიჯანელი ხალხისთვის, რადგან საქართველო ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია, ეს სიტუაცია მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს იმიჯს, მათ შორის ტურიზმის სფეროშიც. საქართველო პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. არავინ აღარ ჩამოვა თქვენს ქვეყანაში იმის შიშით, რომ შესაძლოა, მოიტაცონ,“- განაცხადა აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირის ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, არიფ მამედოვმა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები