კურიერისთვის ცნობილი ხდება სკანდალური გატაცების დეტალები - თბილისის ცენტრიდან გატაცებული პირი სამშენებლო კომპანია სვეტის დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე იყო, რომელსაც გამტაცებლები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით კონკრეტულ თანხას სძალავდნენ.
გივი ჯიბლაძე ყვება, რომ სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენი ამბობს, რომ 4 გამტაცებელი მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა, რომლებმაც თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანეს.
ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.
გივი ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლა იყო.
სავარაუდო გამტაცებლები სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
სამმართველოს უფროსის, მიხეილ ძაგნიძის თქმით, 4 პირი გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი ბიზნესმენს 150 ათას დოლარს სძალავდნენ და 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.
გამოძიება გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.