საერთაშორისო გამოხმაურებების შემდეგ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმიანება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზურნველყოს საქმის დროული და ობიექტური გამოძიება.
სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს პროკურატურას, საქმის ძიება გადაიბაროს და აფგან მუხთარლის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
“ვფიქრობ, ხელისუფლებისთვისაც არ უნდა იყოს კარგი და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არ არის კარგი, როდესაც შენს ქვეყანაში ხდება ადამიანის დღისით- მზისით ისე გაქრობა, რომ ორი კვირის განმავლობაში ადეკვატურ პასუხს ვერ სცემს საკუთარ მოსახლეობას,“ - განაცხადა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მგელაძემ.
ქვეყნის იმიჯის შელახვის საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები.
„გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ის ეჭვები, რაც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს და ამ ეჭვებიდან მომდინარე საფრთხეები, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება, გამოირიცხოს ეფექტური და სწრაფი გამოძიებით. თუმცა, ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ გასულია თითქმის ორ კვირაზე მეტი და არაფერი ხელშესახები არ დაუდიათ ჯერჯერობით, საგამოძიებო ორგანოებს. დრო, ამ შემთხვევაში, მუშაობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ,“-აცხადებს გიორგი ბერაია.
ევროპარლამენტი დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე სპეციალურ რეზოლუციას უყრის კენჭს. მისი სახელწოდებაა აფგან მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა, თუმცა 16 პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ფაქტი გატაცებადაა შეფასებული.
მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება, რომელსაც ასევე დაესწრება მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა.