18 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
არეულობა ბათუმში - მოსამართლემ ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობაში დატოვა 

ბათუმში მომხდარი დაპირისპირების  ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკვია და მერაბ ღოღობერიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ.

დაკავებულების პატიმრობაში დატოვება ბრალდების მხარემ მოითხოვა.

„ჩვენ პოზიცია დავაფიქსირეთ აღმკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით. სავსებით საფუძვლიანი იყო ჩვენი პოზიცია, სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვალა,“-განაცხადა პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას  სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.  პატიმრობაში დატოვება ბრალდებულებმა და დაკავებულების ოჯახის წევრებმა  გააპროტესტეს. გადაწყვეტილებას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევად აფასებს ღოღობერიძის ადვოკატიც.

„მოსამართლე აშკარად გასცდა ქვეყანაში მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნების ფარგლებს. დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დატოვა ძალაში მერაბ ღოღობერიძის მიმართ და ეს ღონისძიება მან პრაქტიკულად გამოიყენა სასჯელის მიზნებისათვის,“-აცხადებს ადვოკატი პაატა შავაძე.

დღის ამბები