18 მაისი 2024,   21:07
ვრცლად
ტერაქტი ბრიუსელში - ქალაქში ცენტრალური რკინიგზის და მეტროს მუშაობა სრულად აღდგა

ბრიუსელში ცენტრალურ რკინიგზის სადგურში მომხდარი აფეთქების შემდეგ მეტროსა და სადგურის მუშაობა სრულად აღდგა. სამართალდამცავები მეტროს შიდა და გარე პერიმეტრს აკონტროლებენ. ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. გამოძიებამ თავდამსხმელიც ამოიცნო, თუმცა მის ვინაობას ჯერ არ ასახელებენ.

აფეთქების ხმა სადგურში ბრიუსელის დროით, საღამოს 20:30-ზე გაისმა. ახალგაზრდა მამაკაცმა მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რასაც სროლა მოჰყვა. ეჭვმიტანილს სამხედროებმა გაუხსნეს ცეცხლი. თვითმხილველთა განცხადებით, ასაფეთქებამდე თავდამსხმელი ალაჰის სადიდებელ სიტყვებს ყვიროდა.

სადგურის მიმდებარე ტერიტორია მომხდარიდან რამდენიმე წუთში გადაკეტეს. პოლიციელებთან ერთად ქუჩაზე მობილიზებული იყო სამხედრო ქვედანაყოფებიც. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველებიც მიიყვანეს, რომლებმაც აფეთქების შემდეგ სადგურთან საეჭვო ნივთი გაანადგურეს.

ცენტრალურ რკინიგზის სადგურთან ერთად მომხდარის გამო ბრიუსელში უსაფრთხოების მიზნით კიდევ ორი სადგურიც დახურეს, თუმცა ამ დროისთვის ყველა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ბრიუსელში შარშანდელი ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს.

ტერორისტებმა 2016 წლის მარტში აეროპორტსა და მეტროს სადგურებში აფეთქებები მოაწყეს, რასაც 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გუშინდელი თავდასხმის შემდეგ ქალაქში საფრთხის დონე მესამე ნიშნულამდე რჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები