18 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
ოპოზიცია პრემიერის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს, მმართველი გუნდი კი კვირიაკშვილს მადლობას უხდის

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უსუსურს და სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, წარმოდგენილი კონსტიტუციური პროექტი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა.

„პრემიერი კვირიკაშვილის განცხადება იყო ყოვლად უსუსური და ყოვლად სამარცხვინო. ეს არის ოლიგარქიის დამკვიდრების უნიჭო და უვარგისი მცდელობა, რომლიც საქართველოში არ გავა. იმიტომ, რომ ეს არის ხალხის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული,“ - ამბობს ნიკა რურუა.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ შემუშავებული ცვლილებებით „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს ქვეყნის მთავარი დოკუმენტი თავზე დაახია.

„პრობლემა არა კვირიკაშვილის განცხადებაში, არამედ მის დამოკიდებულებაშია. მას ჰგონია, რომ არის რაღაცა საწყობის გამგე და არა ქვეყნის პრემიერმინისტრი. წითელი ხაზი „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა საკუთარ ხალხთან ურთიერთობაში გადალახეს და ეს წითელი ხაზის გადალახვა გამოიხატა იმაში, რომ ადგნენ და დაახიეს ხალხს ეს კონსტიტუცია,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს პრემიერმინისტრს მადლობას უხდიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

„მინდა მადლობა გადავუხადო უშუალოდ პრემიერს, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული, ძალიან პოზიტიურ პროცესში. დიახ, „ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებული არაჯანსაღი კონსტიტუცია იცვლება ძალიან ჯანსაღი კონსტიტუციით. ეს არის დადასტურებული როგორც ვენეციის კომისიის დასკვნით, ისე იმ ექსპერტების შეფასებით, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ კონსტიტუციის განხილვებში,“ - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები