13 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება - კანონმდებლები კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელებენ.  

ცვლილებების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირად განისაზღვრება მერი. ასევე, იგეგმება მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაცია, რაც მათ გაერთიანებას გულისხმობს. შეიქმნება ახალი მუნიციპალიტეტები და 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად, 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება.

„7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება შესაბამის მუნიციპალურ თემებთან, ქალაქის სტატუსის შენარჩუნებით. ეს მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს, იმიტომ რომ, ხშირ შემთხვევაში მანიპულირება ხდება, რომ ქალაქს უუქმებენ მოსახლეობას, ეს ასე არ არის. ასევე მერის სტატუსი შემოდის გამგებლის ნაცვლად,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს საპარლამენტო ოპოზიცია. უმცირესობაში ამბობენ, რომ ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია და ის ხელისუფლების კონცენტრაციას ემსახურება.

„ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი, ეს კიდევ უფრო მეტად გაართულებს იმ პრობლემების მოგვარებას, რომელსაც ისედაც არაეფექტურად ებრძოდა ადგილობრივი თვითმმართველობები და სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთ ნიშანი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უარს ვერ ამბობს გაბერილ ბიუროკრატიაზე და მზად არის, მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრაცია,“ -აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.

7 თვითმმართველი ქალაქის გაერთიანებას, ხელმძღვანელი პირების არჩევითობის გაუქმების სურვილს უწოდებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“.

„ეს ცვლილებაც ემსახურება რეალურად იმას, რომ თვითმმართველ ქალაქებს ჩამოერთვას ეს სტატუსი იმის გამო, რომ არ იყოს არჩევითი თანამდებობები. იქნება ერთი ადამიანი დანიშნული, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სურვილზე თუ არ იმოქმედებს, გაათავისუფლებენ და უფრო სასურველ კანდიდატს დანიშნავენ,“ - ამბობს ნინო კალანდაძე.

თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე კანონმდებლები, ბიუროს სხდომაზეც იმსჯელებენ.

დღის ამბები