18 მაისი 2024,   21:03
ვრცლად
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონში - ოპოზიცია ივანიშვილის ინტერესებზე საუბრობს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ კანონპროექტს საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს. "ენმ"-ში არ გამორიცხავენ, რომ თუ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა და კანონად ქცევა მოხდება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

„ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ დააანონსა, რომ ის აპირებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის "GDS"-ად გადაქცევას და ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ პროცესს. ცვლილებები იქნება ანტიკონსტიტუციური და მე არ გამოვრიცხავ, რომ თუ მართლაც მიეცა მსვლელობა ამას პარლამენტში, ერთიანმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჩივროს ის საკონსტიტუციო სასამართლოში,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებებს ტელევიზიის სრული კონტროლის მცდელობას უკავშირებს "ევროპული საქართველოც".

„ითხოვენ, რომ გავიდნენ შესყიდვების კანონისგან და აღარ იყვნენ ამ კანონის გავლენის სფეროში. ეს ბუნებრივია, აჩენს ძალიან სერიოზულ ეჭვს იმისას, რომ იქნება კორუფცია,“ -ამბობს სერგო რატიანი.

ბრალდებები უსაფუძვლოა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ისინი მზად არიან საკითხი ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად განიხილონ. მათი მტკიცებით, მიღებული იქნება ისეთი კანონი, რომელიც პირველ რიგში ტელევიზიის ინტერესებს დაიცავს და მის გაძლიერებას უზრუნველყოფს.

„მიზანი კანონმდებლობის დახვეწისა არის ის, რომ შეიქმნას ადეკვატური კანონი, რომელიც საზოგადოების ინტერესებსაც დააკმაყოფილებს, იქნება გამართული სამართლებრივი კუთხით და ტელევიზიას ხელს შეუწყობს, რომ განვითარდეს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცვლილებები ტენდერებზე ნაწილობრივ უარის გარდა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციების შემცირების ხარჯზე გენერალური დირექტორის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს, არხზე მცირდება სოციალური რეკლამაც.

იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი არსებული რედაქციით დამტკიცდება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს სამოქალაქო სექტორიც.

დღის ამბები