04 მაისი 2024,   15:02
ვრცლად
დაკავებულ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი იმყოფება

დემირელის კოლეჯის დაკავებულ მენეჯერს მუსტაფა ემრე ჩაბუქს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი ხვდება. ემრე ჩაბუქი, ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, შესაბამის პროცედურებს იწყებს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტატუსის დამდგენი განყოფილების უფროსი ემრე ჩაბუქის ადვოკატთან ერთად, სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

პროცედურის დასრულების შემდეგ გაირკვევა დემირელის კოლეჯის მენეჯერი, ლტოლვილის თუ ჰუმანიტარულ სტატუსს მიიღებს, ამის შემდეგ, მის დაცვას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს და მისი სხვა ქვეყანაში ექსტრადირება ვეღარ მოხდება.

„რასა, რელიგია, პოლიტიკური შეხედულება, გარკვეული სოციალური ჯგუფები, კუთვნილება და მისი ეთნიკური წარმომავლობა. თუ ამის გამო მას ექმნება პრობლემა თავის წარმოშობის ქვეყანაში, მას მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი,“ - განმარტა ია პოზოვმა.

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი უკვე ერთი თვეა, წინა საექსტრადიცო პატიმრობაში იმყოფება. ქართულმა მხარემ ის თურქული მხარის მოთხოვნით დააკავა. თურქეთში მას ტერორიზმთან კავშირში ედავებიან. პედაგოგი ბრალს არ აღიარებს. ემრე ჩაბუქის ადვოკატი ამბობს, რომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ყველა მიზეზი არსებობს. მისივე თქმით, ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

ვახტანგ კვიჟინაძის თქმით, არ არის გამორიცხული დაცვის მხარემ ადამიანის ევროპულ სასამართლოსაც მიმართოს.

„არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადებული დასკვნით, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწეობს, დადასტურებული იქნა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტები, რომელიც ცალსახად საფუძველს ქმნის ვივარაუდოთ, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნება წამება და არაადამიანური მოპყრობა,“ - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ. 

დღის ამბები