ინდოელი ბიზნესმენი აკბარ ქუშერი განმარტებებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს. უცხოელი სტუმარი, რომელიც დუბაიდან თბილისში მოფრინავდა, მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს.
აკბარ ქუშენი დეტალურად იხსენებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ფაქტს. ინდოელი ბიზნესმენის განცხადებით, მას არ ეუბნებოდნენ მიზეზს, თუ რის გამო არ უშვებდნენ საქართველოში და მასზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.
აკბარ ქუშენი ამბობს, რომ მას ყველა საბუთი წესრიგში ქონდა და საქართველოში გარკვეულ ინვესტიციებსაც კი ახორციელებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და აპირებს, რომ საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს, რადგან მათ ქმედებას არასათანადო მოპყრობად აფასებს.
“ინდოეთის მოქალაქე ვარ. ვეწევი ქველმოქმედებას ჩემს ქვეყანაში. მთავრობისგან მაქვს ჯილდოები მიღებული სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ამას აღიარებს გაეროც. ბოლო ორ წელია ჩამოვდივარ საქართველოში. საკმაოდ დიდი ინვესტიცია მაქვს ჩადებული 10- ზე მეტი ობიექტში. ასევე მაქვს სოლიდური ანგარიში TBC ბანკის ბალანსზე. ვხელმძღვანელობ მასშტაბურ პროექტს საქართველოში, მაგრამ რაც გუშინ მოხდა საზღვარზე, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ყველაზე ცუდი, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია. მესაზღვრეს ვაჩვენე ყველა საბუთი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული. ეს საბუთები მიუთითებს იმაზე, რომ სუფთა ვარ და არასდროს არაფერი დამირღვევია. დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მესაზღვრე მეორეს დაელაპარაკა. 5 წუთი ველოდებოდი. ამასობაში დავურეკე ჩემს ადვოკატებს, რომ გამერკვია რა ხდებოდა. მეორედ ვკითხე, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი. მითხრეს, მომეცადა. შემდეგ გამომართვეს პასპორტი და მანიშნეს გავყოლოდი. ვიფიქრე, კიდევ უნდა დავეკითხე მქონდა თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა, სასტუმროს ჯავშანი. ეს შეკითხვები მანამდეც დამისვეს. შემდეგ შემიყვანეს ბარგის შესამოწმებელ ოთახში. მომცეს ჩემი ბარგი და მე ისევ ვკითხე, რიგზე იყო თუ არა ყველაფერი. ავედით მეორე სართულზე და აღმოვჩნდი გამგზავრების გეითთან. ასე რომ, შოკირებული ვარ,“ - განაცხადა ინდოელი ბიზნესმენმა.
აკბარ ქუშერის თქმით, რის საფუძველზე არ უშვებდნენ ქვეყანაში და უკან ამგზავრებდნენ მას, ამაზე პასუხი არავის გაუცია.
ინდოელი ბიზნესმენის უფლებადამცველმა მანანა აფხაძემ უკვე დაიწყო სამართლებრივ რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. მან უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მესაზღვრეების ქმედების სამართლებრივ შეფასებას ითხოვს.
როგორც მანანა აფხაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გადმოცემით, მესაზღვრეები დირექტივებს და მითითებებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, სხვა პირებისგან იღებდნენ.