20 მაისი 2024,   04:33
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირება - ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე მმართველი გუნდი კი სამართლებრივ პროცედურებზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ, საქართველოს პროკურატურის რიგით მესამე მოთხოვნას უკანონოს უწოდებენ “ნაციონალურ მოძრაობაში.”

პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ  საქმეში არ არსებობს ახალი გარემოებები. “ევროპულ საქართველოში” საქართველოს პროკურატურის გააქტიურებას პირველ რიგში ქვეყნის რეპუტაციისთვის საზიანოდ მიიჩნევენ.

„ორი ქვეყნის ხელისუფლების შემართება სააკაშვილის წინააღმდეგ არის იდენტური, ვინაიდან იგი არის პოლიტიკური დევნილი როგორც საქართველოში, ასევე უკრაინიდან. ის განცხადებები და ის მოქმედებები, რომელსაც იგი აკეთებს, მთავარ კონკურენტად ხდის როგორც ივანიშვილის, ასევე უკრაინის ხელისუფლების,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს „ევროპული საქართველოც.“ პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ დევნის პოლიტიკური ნაწილი ინტერპოლის უარმაც დაადასტურა.

შეთქმულების თეორიას სააკაშვილის წინააღმდეგ გამორიცხავს მმართველი ძალა და შექმნილ ვითარებას სამართლებრივ პროცედურად აფასებს. ორი უარის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ ახალი მოთხოვნა სააკაშვილის ქვეყანაში ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე გადააგზავნა.

„პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი არის წარსული, მან ჩვენ გვასწავლა როგორ არ უნდა ვმართოთ ქვეყანა და ის შეცდომები, რომელიც ქვეყანამ დაუშვა და რიგ შემთხვევაში ეს იყო არა შეცდომები არამედ დანაშაულები, ამ ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს. სხვა დანარჩენ კითხვებზე მიმართეთ სამართალდამცავებს იმიტომ, რომ ისინი კანონის შესაბამისად მოქმედებენ. ის არის ძებნილი და სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ჩვეულებრივი სამართლებრივი რეაგირება,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები