18 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა უკრაინაში 18 სექტემბერს გაიმართება 

მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის არაკანონიერად გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა. ოფიციალური პროცედურები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. მესაზღვრეებმა და პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც სასტუმრო „ლეოპოლიში“ დილის 7 საათიდან იმყოფებოდნენ, ტერიტორია უკვე დატოვეს.

ოფიციალური პროცედურების დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა იურისტებთან შეთანხმებით და კონსულტაციით, ხელი მოაწერა იმ პროტოკოლს, რომელიც მესაზღვრეებმა მოუტანეს.

მესაზღვრეების ინფორმაციით, სამართალდარღვევის განხილვა გაგრძელდება უკვე სასამართლოში. წინასწარი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმის სასამართლო განხილვა უკრაინაში 18 სექტემბერს 15 საათისთვის დაგეგმილი. სხდომა ლვოვის რაიონის ერთ-ერთ რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის იურისტები დეტალურად გაეცნენ პროტოკოლს და საკუთარი შენიშვნებიც მიუთითეს. უფლებადამცველების თქმით, პროტოკოლში სამი ძირითადი დარღვევაა დაფიქსირებული. ადვოკატების თქმით, დარღვეულია პროტოკოლის ჩაბარების დრო, გარდა ამისა ხაზგასმა ხდება იმაზე, რომ იურისტებმა უკვე მიმართეს საემიგრაციო სამსახურს, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე პირად აღიარება. ადვოკატების მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლისას ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას.

„ამჟამად მიმდინარეობს ხალხის მასობრივი დაპატიმრებები, აკავებენ მათ, ვინც გამშვებ პუნქტზე საერთოდ არ ყოფილა. ისინი უბრალოდ ახლოს იყვნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ხალხმა დაარღვია კანონი, თითქოს მათ გაარღვიეს საზღვარი. ნამდვილად შეიქმნა გამშვებ პუნქტზე ცუდი სიტუაცია. ხელისუფლებამ დანაღმა, ან უბრალოდ ვინმემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერიტორია იყო დანაღმული. მივმართეთ ხელისუფლებას, მოქალაქეებთან ერთად, რომლებიც იმყოფებოდნენ ავტობუსში, გავავრცელეთ განცხადება, რომ მომხდარიყო ევაკუაცია. ვიცით, რომ თუ ასეთი რამ ხდება, საზღვარი ორივე მხრიდან იბლოკება. კანონი ითვალისწინებს ევაკუაციის განხორციელებას. არანაირი საზღვრის უკანონო კვეთა არ მომხდარა. ყველაფერი მოხდა, მოხდა მიხეილ სააკაშვილის, მისი შვილის, ქალების უსაფრთხოების მიზნით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ.

დღის ამბები