20 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
მმართველი გუნდი პრეზიდენტთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამდე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზებას შეხვედრასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში უპასუხეს. პრეზიდენტი მმართველ გუნდს შეხვედრას სთავაზობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე ოფიციალურად მიიწვია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით დიალოგზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი აქვს სპეკულაციას, რადგან როგორც აბაშიშვილი განმარტავს, პრეზიდენტმა არა ერთხელ გამოთქვა მმართველ გუნდთან შეხვედრის მზადყოფნა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის შეხვედრის მომხრეა.

„შეხვედრა კარგია, უმრავლესობაც მზად არის შეხვედრისთვის... ახლა ნუ მკითხავთ შინაარსს იმაზე, რაზეც უნდა შედგეს ეს შეხვედრა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ წავა შეხვედრაზე. 

„ქართულ ოცნებას" გააჩნია ორ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული ერთადერთი თემა, ეს არის ვეტოს დადება ორ მუხლზე, რომელიც ეხება 2024 წელს ბონუსის სისტემის გარეშე ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და 2020 წლისთვის ბლოკების შენარჩუნებას,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ვერ დაესწრება, რადგან ის ამ დროისთვის ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად მიემგზავრება.

დღის ამბები