20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტი - მმართველ გუნდში დოკუმენტს პოზიტიურად აფასებენ, ოპოზიცია კი კონსესუსის არარსებობაზე საუბრობს

ვენეციის კომისიის დასკვნა ორშაბათს გამოქვეყნდება, თუმცა „კურიერმა“ დოკუმენტის პროექტი გამოქვეყნებამდე მოიპოვა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღებულ ვალდებულებას, განიხილოს ბონუსის სისტემაზე უარის თქმა.

„ვენეციის კომისია მიესალმება 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღებულ ვალდებულებას, განიხილოს ბონუსის სისტემაზე უარის თქმა და მიიღოს გაუნაწილებელი მანდატების სრულად პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკური პარტიისათვის, რომელიც 5%-იან ზღვარს გადალახავს. ასეთი სისტემა ხელს შეუწყობს პარლამენტში პლურალიზმს და სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისია ელოდება, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ განხილული, არამედ დაუყოვნებლივ მიღებული იქნება,“- ნათქვამია დასკვნაში.

პოლიტიკოსები ვენეციის დასკვნას ეხმაურებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტი პოზიტიურია.

„ვენეციის კომისიამ წერტილი დაუსვა და პასუხი გასცა ყველა იმ სპეკულაციას, რომელიც ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნა არის ისევე პოზიტიური, როგორც წინასწარი დასკვნა,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციურ პარტიებში კი კვლავ კონსესუსის არარსებობაზე მიუთითებენ.

„თანხმობა არ არის იმაზე, რომ ეს არის რაღაც, რაც სჭირდება ქვეყანას, ეს თანხმობა არის კონსესუსი, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტთან ერთად, კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს ამ გუშინდელი შეხვედრის შედეგად გაკეთებული შეთავაზებით, რომ თუ ამ საკითხებს „ქართული ოცნება“ დაეთანხმება, კონსტიტუცია გამოსწორდება მას ექნება პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ანუ კონსესუსი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა რურუამ.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, მმართველ გუნდს უნდა, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღოს და თან ვენეციის კომისიასთან პრესტიჟი შეინარჩუნოს. 

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ერთი მხრივ, შეინარჩუნოს თავისი პრესტიჟი, როგორც ვენეციის კომისიასთან, მეორე მხრივ, უნდა რომ ჰქონდეს ერთპარტიული კონსტიტუცია. ეს ორივე ერთად არ გამოდის. მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს და უკეთესი კონსტიტუცია მიიღოს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ. 

დღის ამბები