20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ხელისუფლებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო ცვლილებებში ოპოზიცია და არასამთავრობოები პრობლემურ საკითხებს გამოყოფენ

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციის შეფასება კვლავ უცვლელია. მათი აზრით, ქართულ ოცნება ცდილობს, ახალი კონსტიტუციით ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაიხანგრძლივოს.

„ერთ მხარეს დგას მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, ხოლო მეორე მხარეს - ყველა დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, პრეზიდენტი სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი. ამიტომ შინაარსისა და პოლიტიკური შეთანხმების თვალსაზრისით, ქართული ოცნება სერიოზულ პრობლემურ ნაბიჯს დგამს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიულ დოკუმენტს იღებს.

„მთავარი საკითხი, რომელზეც იყო საუბარი, როგორი იქნება საპარლამენტო არჩევნები - პროპორციული თუ მაჟორიტარული, ჩვენ გვახსოვს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადება, რომ ვენეციის კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია იმიტომ, რომ მაშინ ხელისუფლებამ უპრეცედენტო თაღლითობა ჩაიდინა, ვენეციის კომისიაში სხვა დოკუმენტი გაგზავნა და განსახილველად სხვა გამოიტანა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

სამოქალაქო სექტორმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდისადმი პრეზიდენტის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა.

სამოქალაქო სექტორში აქცენტს საარჩევნო სისტემაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2020 წლიდან გადავიდეს. 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა დაამტკიცა. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ დასკვნა პოზიტიურია.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ "კონსტიტუცია დიდი მემკვიდრეობა იქნება". გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მთავარ კანონს "დემოკრატიის გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი" უწოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები