20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვას მიწის ის ორი ნაკვეთი, რომელიც მას საკრებულომ გადასცა - ენმ საპროტესტო აქციას მართავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან 14:00 საათზე შეიკრიბნენ - იქ იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები, დეპუტატები და საკრებულოს წევრები. მთავარი მოთხოვნაა, ბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვას მიწის ის ორი ნაკვეთი, რომელიც მას საკრებულომ გადასცა.

„ეს არის მშვიდობიანი აქცია, ოღონდ ძალიან ხმამაღალი და ძალიან მრავალრიცხოვანი,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. ზალიკო უდუმაშვილის თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და თბილისი იმ ტერიტორიებს დაიბრუნებს, რომელიც მას ჩამოერთვათ.

„ეს არის მშვიდობიანი აქცია, ოღონდ ძალიან ხმამაღალი და ძალიან მრავალრიცხოვანი, იმიტომ რომ თბილისმა უნდა დაიბრუნოს ის წართმეული ტერიტორიები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის დაუკანონა. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. ჩვენ ყოველდღიურად უფრო ბევრნი და ბევრნი ვართ,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომელიც უკანონობის დამარცხებას ემსახურება.

„მშვიდობიანი აქცია, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანაში ცინიზმის დამარცხებას, უკანონობის დამარცხებას და აღვირახსნილობის დამარცხებას, რომელიც მომდინარეობს ერთი ადამიანის მხრიდან,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

აქციას გამაფრთხილებელს უწოდებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა. აქცია -მსვლობაზე იმყოფება  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანი, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მიწის არც ერთ ნაკვეთს არ დაუთმობენ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის აზრისა და პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ.

აქციაზე იმყოფება  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ბიძია ივანიშვილს საქართველოს ხელში ჩაგდების საშუალებას არ მისცემენ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, სახელმწიფო რესურსი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

თბილისში, მიწების ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ არ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ ივანიშვილმა საქართველო ხელში ჩაიგდოს.

 

დღის ამბები