ამ წუთებში ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ აქცია იწყება. მავნებელი მწერის - ფაროსანას, შემოსევის დროს დაზარალებული ადამიანები მსვლელობას დადიანების სასახლიდან იწყებენ და ქალაქში გაემართებიან.
მათი ძირითადი მოთხოვნაა დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციის გაცემა. აქციაზე იმყოფება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა.
როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ზარალის შემსწავლელი კომისიაც კი არ არის შექმნილი, რათა გარკვეულიყო, რა რაოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას.
გარდა ამისა, აქცია-მსვლელობას წინ უძღოდა ინციდენტიც.
ზუგდიდის მერობის კანდიდატის „ევროპული საქართველოდან“, ლელა ქებურიას, მეუღლეს თავს დაესხნენ. როგორც გია ჯიქია აცხადებს, მას ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში „ქართული ოცნების“ 20-კაციანი ჯგუფი დაესხა თავს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ლელა ქებურია სოფლის მოსახლეობას ხვდებოდა.