NDI-ის წარმომადგენლები დღეს არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ოპოზიცია შეხვედრისას ყურადღების გამახვილებას არათანაბარ საარჩევნო გარემოზე გეგმავს.
მათი მტკიცებით, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან ერთად მათთვის პრობლემურია მედია სივრცეში მოხვედრაც. აქცენტი დებატებში მონაწილეობის შეზღუდვაზე კეთდება.
“როდესაც დებატები ტარდება კანდიდატებს შორის, მაშინ ყველა კვალიფიციური სუბიექტის წარმომადგენელი თანაბრად და არადისკრიმინაციულად უნდა მონაწილეობდეს ამ დებატებში. სამწუხაროდ ეს პუნქტი ირღვევა ორი წამყვანი ტელემედია საშუალების მიერ, არაერთხელ და ძალიან უხეშად. ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ,“-განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაზეც.
„ცალსახად იყენებს ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს, დადასტურებულია ესეც დოკუმენტირებულად და სადაც ბაღის მასწავლებლები ჩართული არიან ხმების შეგროვების პროცესში და სამწუხაროდ ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია და ის არ ახდენს სათანადო რეაგირებას აღნიშნულ ფაქტებზე,“-აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის" წევრი თამარ კორძაია.