20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
საკონსტიტუციო რეფორმის ფორსირებული რეჟიმი - საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება გრძელდება 

საპარლამენტო ოპოზიცია კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების განხორციელებას, საკონსტიტუციო რეფორმის ფორსირებულ რეჟიმში გატარების შედეგს უწოდებს.

დეპუტატები „ქართულ ოცნებას” ქვეყნის მთავარი კანონის ერთპარტიული ცვლილებების გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მორიგი ცვლილებებით საპარლამენტო უმრავლესობა მხოლოდ საკუთარი იმიჯის გადარჩენას ცდილობს.

„თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა მართლაც იმის განზრახვა, რომ მიეღო ნორმალური კონსტიტუცია, რომელიც ასახავდა საზოგადოების აზრს, მათი ამის შანსი ჰქონდათ არაერთხელ, მათ შორის მაშინაც, როდესაც პრეზიდენტმა  წარადგინა მოტივირებული შენიშვნების სახით ვეტო. თუმცა სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“,  ეს შანსი არ გამოიყენა და მათ ხელის გადაგრეხვით მიიღეს ვერსია, რომელიც აწყობთ მხოლოდ მათ,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

„ევროპული საქართველოს“ აზრით, კარგი იქნება თუ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას ხელს არ მოაწერს, რადგან პარტიაში მიაჩნიათ, რომ ხელმოუწერელი დოკუმენტით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დარჩება მარტო.

„ჩვენი აზრით, კარგი იქნება თუ ამჯერადაც „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ის კონსტიტუცია, რომელიც მიღებული არის დღეს, ეს არის „ქართული ოცნების“ დოკუმენტი,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

მიმდინარე პროცესებში პრობლემას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, სამი მოსმენით მიღებულ დოკუმენტში ყველა ძირითადი პოზიცია აისახა და ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეესაბამება.

იწილო -ბიწილოს საკითხია ვინ მოაწერს ხელს. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხელმოწერის გარეშე არ დარჩება ეს დოკუმენტი. შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო ზუსტად იმ ნაწილში დაედო, რა ნაწილშიც ჩვენ მას შევთავაზეთ. ასე არ მოხდა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მოგვიწევს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დაწყება,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

დღის ამბები