მარნეულში „ქართული ოცნების“ ოფისის ეზოში მომხდარ თავდასხმას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყიზილაჯლოში მმართველი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე გამოძიებას უნდა დაელოდოს. მან ყველა მხარეს მოუწოდა, ინციდენტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არ გამოიყენოს.
„ეს იყო ძალიან სამწუხარო ინციდენტი. ჩემი თხოვნა იქნებოდა ყველას მიმართ, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მოაშორონ. დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიება დაადგენს, რა მოხდა რეალურად ყიზილაჯლოში. სამწუხაროდ, ეს ფაქტი გარკვეულმა ძალებმა სპეკულაციისთვის გამოიყენეს. პირველი, ჩვენ ვიყავით ის ძალა, რომელსაც ამ ფაქტის გამოყენება შეეძლო სპეკულირებისთვის, თუმცა ეს ჩვენ, ბუნებრივია, არ გავაკეთეთ. ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ყიზილაჯლოს ფაქტი სპეკულაციებისთვის არ გამოიყენოს. ეს იყო კრიმინალური შემთხვევა, რომელიც უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სამსახურებმა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.