საპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დასკვნებს ეხმაურებიან.
კერძოდ, საუბარია ეუთოს მისიის შეფასებაზე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი და „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მიერ მოქალაქეების პირადი მონაცემების ჩანიშვნა, რაც მათი შეფასებით, ამომრჩევლის უფლების დარღვევას წარმოადგენს.
„ყველა სქემა იყო ჩართული იმისთვის, რომ არჩევნების შედეგი დამდგარიყო ისეთი, როგორიც დადგა და არა რეალურად დაცული ყოფილიყო ხმის მიცემის პროცედურა და რეალურად ამომრჩევლის ნება ყოფილიყო გამოხატული. ამიტომ, ძალიან სამართლიანად ფასდება, რომ ამომრჩეველმა, რომლის ხმის მიცემის პროცედურა დაცული იყო, თავისი ნების გამოხატვა საბოლოო ჯამში მაინც ვერ შეძლო,“ - განაცხადა „ენმ“-ის წევრმა ნინო კალანდაძემ.
ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ პირადი მონაცემების კონტროლს 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე მასობრივი ხასიათი ჰქონდა. მათი თქმით, ხელისუფლებამ და ცესკომ საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაზე მაინც უნდა მოახდინოს რეაგირება.
„როდესაც სკოლის იქნება თუ ბაღის მასწავლებელი იძულებულია, ვიდრე კონვერტში ჩადებს, გაშალოს ბიულეტენი და საარჩევნო ყუთის უკან მდგარ დირექტორს აჩვენოს რა შემოხაზა, როდესაც საჯარო მოხელეებს პირდაპირ ავალებენ, რომ ფოტო გადაუღოს, რომ მან შემოხაზა 41, ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილზე ხელისუფლება ახორციელებს ძალიან დიდ ზეწოლას,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.