20 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"შემთხვევით როგორ შეიძლება შერეოდა მისი მხარდასაჭერი ბიულეტენები," - მეჭიაური სასამართლოში სარჩელს შეიტანს

თამაზ მეჭიაური სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს და სამართლებრივად შეეცდება დაამტკიცოს, რომ არჩევნები თიანეთის ოლქში სწორედ მან მოიგო. ამ დროისათვის, ცესკო-ს საბოლოო მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატია.

ლელა ქიტესაშვილმა მეჭიაურს 4 ხმით აჯობა, თუმცა მეჭიაურის მხარდამჭერები ამბობენ, რომ მმართველმა გუნდა შედეგები გააყალბა, ამის დასტურად კი ერთ-ერთ საუბნო კომისიაში დაფიქსირებული 5 ცარიელი ბიულეტენი მოჰყავთ, რომელიც რატომღაც საოლქო კომისიაში გადათვლის შემდეგ საერთოდ გაქრა. მეჭიაური ეჭვობს, რომ საოლქო კომისიაში ცარიელ ბიულეტენებზე მისი კონკურენტი შემოხაზეს.

გარდა სასამართლოსი, თამაზ მეჭიაური გეგმავს, რომ პროკურატურასაც მიმართოს, რათა საგამოძიებო უწყება ამ ფაქტით დაინტერესდეს. მეჭიაური ამბობს, რომ აოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება უნდა გაუქმდეს. 

"შემთხვევით როგორ შეიძლება შერეოდა მისი მხარდასაჭერი 5 ბიულეტენი 13 კაცს, რომელთაგან 10 მაინც მისი წარმომადგენელი იყო ან თვითონ პარტიის, როცა თითო ხმაზე ნადირობდნენ ფულით თუ სხვა საშუალებებით და თანაც სამჯერ გადაითვალა იმ უბანზე ბიულეტენები. მეორადი ფიგურაა ჩემი კონკურენტი, ის აქ არაფერს არ წყვეტს, უბრალოდ პატარა ძვალს სჯერდება, რასაც ქუცნაშვილი დატოვებს. დანარჩენი არის გამთეთრებელი ქუცნაშვილის ბიზნესინტერესებისა თუ პოლიტიკური ინტერესებისა რაიონი, რომელიც მას უხვად აქვს,“ - აცხადებს მეჭიაური და ბიძინა ივანიშვილის „საბედისწერო შეცდომაზე“ საუბრობს.

რაც შეეხება ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თიანეთის მერობის კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს, ის დარწმუნებულია, რომ სამართლიანად გაიმარჯვა. ქიტესაშვილი ელოდება, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„იყო ეჭვი, რომ ბათილ ბიულეტენებში შეყოლილიყო იყო ჩემი სასარგებლო ბიულეტენები, სწორედ ამიტომ, ჩვენ განაცხადი შევიტანეთ საოლქოში, გადაითვალა სწორედ ჩვენი განაცხადის საფუძველზე ეს ბიულეტებები და მართალი აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს 5 ხმა იყო ჩემს სასარგებლოდ,“ - აცხადებს ქიტესაშვილი.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები