საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკრაინიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოაძევეს, არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის ხელისუფლებასთან სამართლებრივი დავა ევროსასამართლოში დაიწყონ.
მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები დავით მაყიშვილი, მიხეილ აბზიანიძე და გიორგი რუბაშვილი უკრაინული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შაბათს დააკავეს. კიევიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები სამართალდამცველებს ღირსების შემლახავ ქმედებაში ადანაშაულებენ, გამოძევებას კი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.
უკრაინიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებს სამართლებრივი მოქმედებები სამშობლოშიც დაწყებული აქვთ. მათ უკვე ჰყავთ იურისტი, რომელმაც დეპორტაციის მიზეზების გარკვევა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მოსთხოვა.
ერთ-ერთი მათგანი მიხეილ აბზიანიძე ამბობს, რომ დეპორტაციის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მას არ ჰქონია არანაირი დარღვევა. ოფიციალური მიზეზების გასარკვევად ის დღეს თბილისში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, თუმცა უშედეგოდ.
გამოძევების მიზეზების დადგენას მესამე დღეა ცდილობს დავით მაყიშვილი. მისმა უკრაინელმა ადვოკატმა ოფიციალური წერილები ყველა უწყებაში გაგზავნა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია პასუხი.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა განმარტებები უკრაინის გენერალურ პროკურორს მოსთხოვა. სააკაშვილმა დღეს საგანგებო განცხადება პროკურატურის შენობასთან გააკეთა და უკრაინის ხელისუფლება კონსტიტუციისა და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა.