საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე მათი დამკვირვებლების მიერ ამომრჩევლის აღრიცხვაში დარღვევას ვერ ხედავს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მიმდინარეობდა ჩვეულებრივი მობილიზაცია ამომრჩევლის და ამით კანონი არ დარღვეულა.
მმართველი გუნდისგან განსხვავებით სულ სხვა შთაბეჭდილება დარჩათ საერთაშორისო შემფასებლებს. ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის - ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელმა 22 ოქტომბერსვე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების აღრიცხვა, ყოველგვარ ზღვარს სცდება და ნებისმიერმა მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს მივა, თუ არა არჩევნებზე.
ამ შენიშვნებს სრულიად ეთანხმება ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ კოორდინატორები მოქალაქეებს აიძულებდნენ საარჩევნო ყუთებთან მისვლას, რამაც სერიოზული გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
არჩევნების დღეს ამომრჩევლებზე ზეგავლენის შესახებ საუბრობს ნინო ბურჯანაძე, თუმცა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერისთვის ეს ერთადერთი დარღვევა არ ყოფილა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ყოფილ პრემიერს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს და პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.
საარჩევნო უბნებთან მობილიზებული კოორდინატორები და საარჩევნო უბნებზე მოქალაქეების პირადი მონაცემების ამოწერა, კანონის ხარვეზად შეაფასა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ კანონს შეცვლიან და მომავალ არჩევნებზე ამომრჩევლის ნებაზე ამ ფორმით ზემოქმედება აღარ მოდება, თუმცა წულუკიანის ამ დაპირების არ სჯერათ არასამთავრობო სექტორში, სადაც ამბობენ, რომ ხელისუფლებისაგან მსგავსი დაპირება პირველად არ ესმის.
ამ ფაქტების შესწავლას აპირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. თამარ ქალდანი ამბობს, რომ ერთის მხრივ მონიტორინგი არ უნდა დაზარალდეს, თუმცა მეორეს მხრივ არ უნდა მოხდეს ზეგავლენა ამომრჩველზე.