„წელს მქონდა საშინელი წელიწადი, გარდა კარტოფილისა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ფერმერებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩემი შემოსავალი, რომ ამაზე იყოს დამოკიდებული, არაერთხელ მიფიქრია, რომ მაგალითად, წელს მქონდა ფაქტობრივად, საშინელი წელიწადი, გარდა კარტოფილისა, ისიც ლუკაშენკომ მაჩუქა სათესლე მასალა, თორემ არ ვიცი, მოვიდოდა თუ არ მოვიდოდა ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან ცუდად მოვიდა. პომიდორს რაღაც ჭლექი დაემართა, კიტრი საერთოდ არ მოვიდა,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი ფერმერებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე ახალ პროექტებზე ისაუბრეს, მათ შორის, ფერმერთა სათათბიროზე. ფერმერთა სათათბიროს მიზანი სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენა და დროული აქტივობების განხორციელებაა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავადაც აქვს ნარგავები და წელს ძალიან ცუდი მოსავალი მიიღო. პრეზიდენტს შეხვედრაზე იმ წინადადებების მოსმენა სურდა, რაც დაეხმარება ფერმერს მოსავლის დაზღვევაში, როდესაც ცუდმოსავლიანი წელიწადი იქნება.
„ჩემი ყოფა, რომ ყოფილიყო, ჩემი ფინანსური და ოჯახის შემოსავალი ეს რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა აბსოლუტური კატასტროფა. იმიტომ, რომ არაფრის გამო, არც არაფერი დამირღვევია, არც აგროვადები არ დამირღვევია, არც მორწყვა არ დამიკლია, უბრალოდ, არ მოვიდა, მოუსავლიანი წელიწადი იყო,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.